საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხათუნა მარწყვიშვილი: „მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მეცნიერება ისეთი რამ არის, რაშიც შეგიძლია ბოლომდე ჩაიძირო“

როგორ ვმართოთ საკუთარი თუ სხვების ემოციები, როგორ დავძლიოთ სტრესი, როგორ მივაღწიოთ წარმატებას კარიერასა თუ სოციალურ ურთიერთობებში და საბოლოოდ, როგორ მივიდეთ უკეთეს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობამდე - ალბათ ცხოვრებაში არაერთხელ დაგვისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვები და პასუხების ძიებაშიც დიდი დრო გაგვიტარებია. შესაძლოა ზოგიერთ კითხვაზე პასუხი გვიპოვნია კიდეც, ზოგიერთზე კი ვერა. თუმცა ჩვენ მიერ დასმულ ყველა ამ შეკითხვას ფსიქოლოგიის მეცნიერება, უფრო კონკრეტულად კი პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ფსიქოლოგია და პოზიტიური ფსიქოლოგია,  ნამდვილად პასუხობს. სწორედ ამ ორი მიმართულების კვლევით არის ძირითადად დაკავებული ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი, რომელსაც ფსიქოლოგობა თავის დროზე სწორედ ადამიანების ქცევების ახსნის სურვილმა გადააწყვეტინა.

„პირველად ფსიქოლოგიით სკოლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც შემთხვევით ხელში ჩამივარდა ფსიქოლოგიური წიგნი და გავიგე, რომ არსებობს მეცნიერება, რომელსაც შეუძლია ახსნას ადამიანების ქცევა..... სხვა მიმართულებით ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა სულ ვამბობდი, რომ ფსიქოლოგიას აუცილებლად ვისწავლიდი, ვივლიდი და მოვისმენდი ლექციებს, ვნახავდი რა არის,“ - იხსენებს ხათუნა მარწყვიშვილი.

            გადაწყვეტილება შეცვალა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფსიქოლოგიის განხრით ჩააბარა. იმ დღიდან უნივერსიტეტთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია - სტუდენტობის შემდეგ აკადემიურ სფეროში გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება და უკვე მრავალი წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს ცოდნას უზიარებს, პარალელურად კი აქტიურად არის დაკავებული კვლევითი საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფსიქოლოგისთვის სხვა არაერთი არჩევანი არსებობს, როგორც თავად ამბობს, მეცნიერებაში დარჩენის გადაწყვეტილება ძალიან ცნობიერი ნაბიჯი იყო და ამ არჩევანით დღემდე ბედნიერია.

            „უნივერსიტეტი ჩემი იდენტობის ნაწილია, მთელი შეგნებული ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ძალიან ცნობიერი არჩევანი იყო, ეს იყო ის საქმე, რისი კეთებაც მომწონდა. არაჩვეულებრივი კოლეგები, ბრწყინვალე სტუდენტები... არსად ისე არ იზრდები, როგორც უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებთან გაქვს მუდმივი ურთიერთობა. არასდროს მინანია. ამ გადაწყვეტილებით დღემდე კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი ვარ...“

            პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ფსიქოლოგია, უფრო კონკრეტულად კი ემოციური ინტელექტი, ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებიდან, რომელსაც ხათუნა მარწყვიშვილი იკვლევს. ამ მიმართულების კვლევით ჯერ კიდევ წლების წინ დაინტერესდა. რა არის ემოციური ინტელექტი და რაში გვეხმარება ის - როგორც მეცნიერი ამბობს, ეს არის საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების აღქმის, მართვისა და გამოხატვის უნარი, რომელსაც ძალიან დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს და რომელიც კარიერულ წინსვლაში, წარმატებულ სოციალურ ურთიერთობებსა და სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობამდე მივყავართ.

            „დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ემოციები მნიშვნელოვანი არ არის და მეტიც, ხელს უშლის აზროვნების პროცესს. მაგრამ არაფერი ისე არ გეხმარება აზროვნებასა და წარმატების მიღწევაში, როგორც ამ ემოციების სწორად გამოყენება. ჩემთვის ეს თემა არ არის მეცნიერული აბსტრაქტული კონცეფტი, რომელიც თავისთვის არის მეცნიერებაში, მას ძალიან დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ამას რეალური ცხოვრების შედეგებს ვეძახით - ყველა სფეროში შეიძლება გარკვეული რეალური შედეგების მიღწევაში დაგეხმაროს, წარმატება არა მხოლოდ სხვადასხვა სფეროში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ - ამბობს ხათუნა მარწყვიშვილი.  

            როდესაც წარმატებაზე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების შედეგზე ვსაუბრობთ, ალბათ საზოგადოებაში ემოციური ინტელექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ემოციური ინტელექტის შეფასების, ისე მისი განვითარების გზები. მეცნიერის თქმით, ემოციური ინტელექტის შეფასება ფსიქოლოგიური შეფასების ინსტრუმენტებით - ტესტებითა და კითხვარებით არის შესაძლებელი, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ტესტები თითოეული ქვეყნის მოსახლეობის კულტურაზე იყოს მორგებული. რაც შეეხება ემოციური ინტელექტის განვითარებას, ხათუნა მარწყვიშვილი აღნიშნავს, რომ სასურველია ამაზე ზრუნვა პატარა ასაკიდან დაიწყოს.

            „ჩვენ მკვლევრები ცოტა ვდაობთ, ბევრი შეხედულება არსებობს, ემოციური ინტელექტი ეს არის ინტელექტის ცალკე სახე თუ პიროვნული მახასიათებელი. ჩემთვის ეს არის პიროვნული მახასიათებელი და ამ თეორიის ფარგლებში ვმუშაობ. პიროვნული მახასიათებელი კი მარტივად არ ვარჯიშდება, თუმცა განვითარება ნამდვილად შესაძლებელია. რაც უფრო პატარა ასაკიდან იწყებ განვითარებაზე ზრუნვას, მით უკეთესია შედეგი, თუმცა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ემოციური ინტელექტი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. ძალიან ბევრი ტრენინგ-პროგრამა არსებობს, რომლებიც თითოეული კომპონენტის განვითარებისკენ არის მიმართული, რასაც საბოლოოდ ემოციური ინტელექტის გაზრდამდე მიყავხარ,“ - აღნიშნავს მეცნიერი.

            საზოგადოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა კიდევ ერთი საკვლევი თემა, რომელზეც ხათუნა მარწყვიშვილი ბოლო წლებია მუშაობს - პოზიტიური ფსიქოლოგია. თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი, რომლის ფარგლებში ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამა „პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები/Studies in Positive Psychology” ხორციელდება. პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა მარწყვიშვილია, კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად აქტიურად არის დაკავებული პოზიტიური ფსიქოლოგიის თემატიკის კვლევით. მისი თქმით, პოზიტიური ფსიქოლოგია მთლიანად ცვლის პიროვნების და ფსიქოლოგიური კონსულტირების ხედვას და პერსპექტივებს და პათოლოგიაზე აქცენტის ნაცვლად, ყურადღებას ძლიერ მხარეებზე ამახვილებს.

            „ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდა ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასთან ერთად, ფსიქიკური აშლილობების, დარღვევების, სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამაგიეროდ დისბალანსი მოხდა - ნაკლები ვიცით ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების მახასიათებლების შესახებ. არადა ადამიანების უმრავლესობა ფსიქიკურად ჯანმრთელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი კარგად არის და ბედნიერია. როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ უკეთესად იყვნენ? ვიკვლევთ ყველა ფაქტორს - პიროვნულს, სოციალურს, კულტურულს, ბიოლოგიურს... ნებისმიერ ფაქტორს, რომელიც ფსიქოლოგიურ, სუბიექტურ კარგად ყოფნის განცდაზე ახდენს გავლენას. საბოლოო ჯამში, პრინციპში ფსიქოლოგიის ყველა მიმართულება ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ პოზიტიურ ფსიქოლოგიაში ამაზე განსაკუთრებული ფოკუსი კეთდება...“

            ხათუნა მარწყვიშვილის კვლევების მიმართ ინტერესია დიდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. მისი კვლევები, განსაკუთრებით კი ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებული, ერთ-ერთი მაღალციტირებადია. როგორც თავად აღნიშნავს, ეს დროს, ფინანსებსა და ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, სხვა პასუხისმგებლობების პარალელურად კი, ეს პროცესი გაცილებით რთული ხდება. პასუხისმგებლობები ბევრი აქვს, თუმცა, როგორც ამბობს, მეცნიერებაში ადამიანი ბოლომდე იძირები, რასაც საბოლოოდ ბედნიერებამდე მიყავხარ.

          „ბედნიერებას ერთი ასეთი განმარტება აქვს - ადამიანი მთლიანად ხარ ჩართული იმ საქმეში, რომელსაც ემსახურები. ე.ი. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მეცნიერება ისეთი რამ არის, რაშიც შეგიძლია ბოლომდე ჩაიძირო, რასაც ბოლოს ბედნიერებამდე მიყავხარ. ბედნიერებას მიყავს ადამიანი წარმატებისკენ და არა პირიქით...“

           

თარიღი: 09/03/2021